შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს ათი წევრი დააკავეს, ერთს კი ბრალი წარუდგინეს.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები მეტსახელად: გოჭი, ოსკარი, ლამბო, ხომეინი, ჯოლო, ბაჩო, წიე, ყურშა და ა.შ. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები კრიმინალური გავლენის გამოყენებით მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს.

"დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების — გულის, მისი ძმის — ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი მანქანა გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ", — აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი მეტსახელად ლერი კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. ობშიაკს და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს ხუთი წევრი.