1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ სათბური აირების გამოყოფა დრამატულად შემცირდა — ამის შესახებ კვლევა ჟურნალში IOPscience გამოქვეყნდა. მიზეზი ეკონომიკური კრიზისის შედეგად კვების რაციონიდან ხორცის ამოღება გახლდათ.

საბჭოთა პერიოდში კვების რაციონის ძირითად პროდუქტს კოლექტივის ფერმებიდან მოპოვებული ხორცი წარმოადგენდა. 1990 წელს საბჭოთა მოქალაქეები წლიურად საშუალოდ 32 კგ საქონლის ხორცს მოიხმარდნენ, რაც 27%-ით აღემატებოდა დასავლეთ ევროპის მაჩვენებელს და ამავდროულად 4-ჯერ უფრო მეტი იყო გლობალურ მოხმარებაზე.

ხორც-პროდუქტების წარმოება და მათზე მოთხოვნა რეგიონში დრამატულად შემცირდა მას შემდეგ, რაც ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასებმა მნიშვნელოვნად იმატა, ხოლო პოსტსაბჭოთა პერიოდის ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუბლის მსყიდველობითმა უნარმა იკლო. გვიან-საბჭოთა პერიოდში სასოფლო-სამეურნეო მიწების მესამედი მას შემდეგ უფუნქციოდ დარჩა.

სოფლის მეურნეობისა და კვების სისტემებში მსგავსმა ცვლილებებმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სათბური აირების გამოყოფა დრამატულად შეამცირა. ეს ეკვივალენტურად 1992-2011 წლებში გამოყოფილი 7,6 მლრდ ტონა ნახშირორჟანგის ტოლფასი იყო. მეცნიერები ამ დასკვნამდე საქონლის ხორცის მოხმარებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ანალიზით მივიდნენ. სათბური აირების გამოყოფის ასეთი ვარდნა იგივე პერიოდში ამაზონის ჯუნგლების გაჩეხვის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მეოთხედის ტოლფასი გახლდათ. მოცემულ მომენტში რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტ სათბურ აირს გამოყოფს.

"საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ იკლო ინდუსტრიულმა წარმოებამ და შესაბამისად სათბური აირების გამოყოფამ. ამიტომაც, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ეს ყოველივე საკვების წარმოებასა და მოხმარებაზეც აისახა. აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს ნახშირორჟანგის გამოყოფაში საბჭოთა კავშირის წილს და ასევე ნათლად აჩვენებს იმ რისკებს, თუ რა მოხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელახლა დაწყების შემთხვევაში", — ამბობს გლენ პეტერსი, ნახშირბადის ბიუჯეტის სპეციალისტი ოსლოს კლიმატის საერთაშორისო კვლევის ცენტრიდან.

დღეისათვის, გლობალურად, ადამიანის მიერ გამოწვეულ სათბურ ეფექტში მეცხოველეობის წილი 14,5%-ს შეადგენს. ამასთანავე პირუტყვის გამოსაკვები საძოვრებისათვის ხშირად იჩეხება ტყეები და სავანები.

რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში საქონლის ხორცის წარმოებისა და მიწის გამოყენების შედეგად გამოყოფილი სათბური აირების საკითხი ხშირად უგულვებელყოფილია - აღნიშნავს ფლორიან შირნჰორნი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციების მიხედვით საქონლის ხორცის წარმოება კვლავ აღმავლობის ფაზაშია: რუსეთი ბოლო ათწლეულში სამხრეთ ამერიკიდან საქონლის ხორცის ექსპორტის მთავარ დანიშნულების ადგილად იქცა.