დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული რიტმიდან თუ სხვადასხვა ყოფითი პრობლემებიდან გამომდინარე ადამიანების უმრავლესობა მინიმუმ ერთხელ მაინც ყოფილა სერიოზული სტრესის ქვეშ — სტრესულ სიტუაციებში კი გამოსავალი თითქოს არსად და არაფერში ჩანს.

თემის ასეთი აქტუალურობიდან გამომდინარე და იმიტომაც, რომ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლის ფუფუნება ყველას/ყოველთვის არ გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ 10 მარტივი ხერხი ჩამოგვეთვალა, რომელიც ყოველდღიური სტრესის სრულიად დამარცხებაში თუ ვერ, შემსუბუქებაში მაინც დაგეხმარებათ.

1. აუზზე სიარული

ფოტო: Emanuele Colombo

სად შეიძლება ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევა და განტვირთვა? რა თქმა უნდა, საცურაო აუზზე, სადაც გაგრილდებით, გაერთობით და დაღლილობისგან გამოწვეულ სტრესსაც შეამცირებთ.

2. ხატვა

ფოტო: spovv

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოგდით ხატვა, მთავარია, რომ გაბედოთ და ფურცელზე უმარტივესი ფიგურების გამოსახვით დაიწყოთ. ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ ფუჭი ნერვიულობა უკვალოდ გაქრება.

3. ბლინების გამოცხობა

ფოტო: Nemanja Pesic

ბლინები მარტივად მზადდება, გემრიელია და დიდი ხნის უნახავი მეგობრების სახლში მოსატყუებლადაც გამოდგება.

ბლინების მომზადება თუ არ იცით, მისაყოლებლად ზამთრის მარაგიდან ჯერ ნებისმიერი ჯემი გამოიღეთ და მიჰყევით რეცეპტს:

სამ კვერცხში მიქსერით გათქვიფეთ შაქარი, დაამატეთ ცოტა მარილი და რძე, შემდეგ ორი ჭიქა ფქვილი — მიღებული მასა კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით და უგემრიელესი ბლინებიც მზად არის.

ეს პროცესი კი იმდენად სასიამოვნოა, რომ სტრესი აღარც გაგახსენდებათ.

4. რაღაცის პირველად გაკეთება

ფოტო: Marly Gallardo

ზოგჯერ აუცილებელია, რომ საკუთარი თავისთვის დაწესებულ საზღვრებზე უარი თქვათ და ცხოვრებაში რაიმე ახალი გამოსცადოთ.

დაჯექით კარუსელზე, რომლისაც ბავშვობაში ძალიან გეშინოდათ, გასინჯეთ რამე პირველად ან დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს იმ ნაწილში, სადაც ჯერ არ ყოფილხართ (#SpendYourSummerInGeorgia).

5. შოპინგზე წასვლა

ფოტო: MUTI

სტრესისგან გასათავისუფლებლად შოპინგზე წასვლა შეიძლება უკვე იმდენად ბანალური იდეა გეგონოთ, რომ საერთოდ არც გაგახსენდეთ. თუმცა ახალი მაისურით თავი შესაძლოა ბევრად უკეთ იგრძნოთ.

6. ახალი წიგნების შერჩევა

ფოტო: Christopher Reath

ახალი წიგნების აღმოჩენა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია, შემდეგ მათი კითხვა და ახალი გმირების გაცნობა კი სულ სხვა საქმეა. ვისღა ახსოვს სტრესი?

7. Pinterest-ზე ლამაზი ფოტოების თვალიერება

ფოტო: Peter Tarka

Pinterest ძალიან კარგი აპლიკაციაა მათთვის, ვისაც რამის შეცვლა უნდა, თუმცა შთაგონებას ეძებს.

იქ უამრავ ლამაზ ფოტოს აღმოაჩენთ, რომელიც გიკარნახებთ თუ როგორ უნდა მოაწყოთ ოთახი, ამისთვის კი შესაძლოა მხოლოდ ავეჯის გადაადგილება დაგჭირდეთ.

8. დროებით მოერიდეთ ინტერნეტს და ფეისბუქის სქროლვას

ფოტო: Ally Jaye Reeves

ამას ბევრი ახსნა განმარტება არ სჭირდება, უბრალოდ ასე ქენით!

9. ვარცხნილობის შეცვლა

ფოტო: Patrick Moriarty

სტრესის გასაქრობად ზოგჯერ ვიზუალური ცვლილებებიც ამართლებს — მაგალითად ახალი ვარცხნილობა. თუმცა რადიკალური ცვლილებებისგან ჯობს თავი შეიკავოთ, რომ უფრო დიდ სტრესში არ ჩავარდეთ.

10. შინაურ ცხოველებთან თამაში

ფოტო: Adam Quest

და ბოლოს, გულში ჩაიხუტეთ შინაური ცხოველები და მათთან თამაშს მეტი დრო დაუთმეთ. მათი უანგარო სიყვარულის უნარი აუცილებლად გიბიძგებთ პოზიტიური ფიქრებისკენ.