ნაციონალურ მოძრაობას სურს შეიქმნას ე.წ. გავრილოვის სია. ამ საკითხზე მათ პარლამენტში დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენები უნდა შეფასდეს.

ნაციონალურის მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ პროექტის მიხედვით, უნდა დადგინდეს იმ პირთა წრე, ვინც მოიწვია სერგეი გავრილოვი საქართველოში, ვისი ორგანიზებითაც სხდომა მან ჩაატარა. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც პასუხისმგებელია 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე და ვინც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო რუსული ინტერესების გატარებას.

"ყველა ეს პირი შეყვანილი უნდა იყოს "გავრილოვის სიაში". ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაადგინოს ამ პირთა წრე და შემდგომ, შემუშავდეს იმ სანქციების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მიზანშეწონილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პირთა წრის მიმართ", — აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის აზრით, ქართველი პოლიტიკოსები საკუთარი გადაწყვეტილებით ხელს უწყობენ რუსული ინტერესების გატარებას, რომლის მიხედვითაც, 20-21 ივნისის მოვლენები უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან მცდელობას, ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო.

20-21 ივნისს მოვლენებზე პარლამენტში კანონპროექტი უმრავლესობამაც დაარეგისტრირა. პროექტში წერია, რომ ხელისუფლებამ 20-21 ივნისს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა.

20-21 ივნისის მოვლენები

20 ივნისს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით შსს-მ ძალის გადამეტებით დაშალა. 21 ივნისის ღამეს დაშავდა ათობით მოქალაქე, მათ შორის 2-მა თვალი დაკარგა. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მოქალაქეები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს უკვე მეთექვსმეტე დღეა მართავენ.