ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია "QuickCash AI" EMERGING EUROPE AWARDS-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია — ქართულმა კომპანიამ ნომინაციაში "2019 წლის ინოვაციური ინიციატივა" გაიმარჯვა და კონკურსის გამარჯვებულთა პირველ სამეულშიც მოხვდა.

დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში გაიმართა. PwC CEE დაჯილდოების სტრატეგიული პარტნიორია.

მედია და კვლევითი პლატფორმა EMERGING EUROPE AWARDS-ი ლონდონში დაფუძნდა და მისი მიზანია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის 23 ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.

EMERGING EUROPE AWARDS 2019-ის შესარჩევ კონკურსში 1000-მდე აპლიკანტი კომპანია მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე შეირჩა 120 ნომინანტი 12 კატეგორიაში.

QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის და კრედიტუნარიანობის შეფასების ალგორითმული პლატფორმაა. ფინანსურ ტექნოლოგიებში მოღვაწე სტარტაპმა 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში "სტარტაპ საქართველო" გაიმარჯვა.

მაღალტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსის მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა. კომპანია QuickCAsh AI არის 2018 წლის FINTECH BUSINESS AWARD-ის BBVA-ს გლობალური კონკურსის ფინალისტი რისკების მართვის მიმართულებით.