საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისის ძველი იპოდრომის უმეტესი ნაწილი ქართუ ჯგუფში შემავალ კომპანიას, შპს ინვესტ კაპიტალს ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია რეესტრში 2009 წლის 3 აგვისტოს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დის შვილი, კახა კობიაშვილია.

თბილისის ძველი იპოდრომის ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთადაა დაყოფილი, ამ ნაკვეთების უმრავლესობა კი სწორედ ინვესტ კაპიტალის საკუთრებაშია. თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს გაასხვისა და მას შემდეგ ის კერძო საკუთრებაშია. შესაბამისად, მესაკუთრის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს აღნიშნულ ტერიტორიას.

დღეს, 30 სექტემბერს, მოქალაქეების ნაწილმა ონლაინ პეტიციის სახით, თბილისის საკრებულოს, საქართველოს პარლამენტსა და თბილისის მერიას მიმართეს, რომ ყოფილი იპოდრომი თბილისის ცენტრალური პარკი გახდეს.

ონლაინ პეტიციის მიზანი 150 ათასი ხმის მოგროვებაა. ამ დროისათვის 5 ათასამდე ხელმოწერა ფიქსირდება.