განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და განმარტა, რომ გადაწყვიტა კერძო სექტორში დაბრუნდეს.

"ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო... სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი", — წერს მიხეილ გიორგაძე.

განათლების სამინისტროსთან კულტურის სამინისტროს შერწყმის შემდეგ, ყოფილი მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გაერთიანებული სამინისტროს პირველი მოადგილე გახდა. 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე იგი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო.