შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე ოთხი პირი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

"დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", — აღნიშნეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით პოლიციელებს თავს ესხმოდნენ.

"კერძოდ: ზურაბ ბუდაღაშვილი ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კახაბერ კუპრეიშვილი კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ცოტნე სოსელია ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბესიკ თამლიანი, ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს", — განმარტეს შსს-ში.

ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზების ბრალდებით საქართველოს პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას დაპატიმრებასაც გეგმავდა. ნებართვის მისაღებად საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს მიმართა, დეპუტატებმა კი კოლეგას იმუნიტეტი შეუჩერეს. სასამართლომ დაპატიმრების უფლება არ გასცა, თუმცა მელიას გასაკონტროლებლად სამაჯური დაუყენეს და საჯარო განცხადებები აუკრძალეს.