2-წლიანი ლოდინი დასრულდა. უფრო ზუსტად კი 1 წელი, 8 თვე და 7 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ილევენმა (მილი ბობი ბრაუნმა) მონსტრის საცხოვრებელი სამყაროს, აფსაიდ დაუნის ჭიშკარი დახურა და მაყურებლები მესამე სეზონის მოლოდინში დატოვა.

მესამე სეზონში ინდიანაში მდებარე პატარა ქალაქი ჰოუკინსი 1985 წლის ზაფხულით ბრუნდება. ზაფხული, რომელიც ყველაფერს შეცვლის და ნეტფლიქსზე ათვლას ამერიკის დამოუკიდებლობის დღიდან, 4 ივლისს იწყებს.

იქამდე, სანამ სახლში მიხვალთ, ნეტფლიქსს ჩართავთ და 8 სერიის ერთდროულად საყურებლად მყუდრო გარემოს შეიქმნით, ერთად გავიხსენოთ მეორე სეზონის ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მესამე სეზონში უნდა გვახსოვდეს.

1. ვილს მონსტრი აკონტროლებს

ფოტო: Netflix

მას შემდეგ, რაც ჯოისის (ვაინონა რაიდერი) შვილი სამყაროს მეორე ნაწილში იკარგება და ბრუნდება, მეორე სეზონში ვიგებთ, რომ ვილ ბაიერსს გონების მიმტაცებელი მონსტრი მართავს და მისგან იღებს ინფორმაციას. თუმცა მისი მეგობრები და ოჯახის წევრები იგებენ, რომ მონსტრს სიცხე არ უყვარს და ასე შეძლებენ ბიჭის გათავისუფლებას.

2. ჰოპერი ილევენის მამობილი ხდება

ჰოპერი (დევიდ ჰარბორი), რომელსაც გარდაცვლილი შვილი ჰყავს, ილევენზე ზრუნვას იწყებს და მას ტყეში იზოლირებულ ქოხში აცხოვრებს. ის მის დაცვას ცდილობს მეცნიერისგან, რომელიც გოგონაზე ექსპერიმენტებს ატარებდა.

3. ილევენი დედას პოულობს

ფოტო: Netflix

ჰოპერზე განაწყენებული ილევენი ქოხს ტოვებს და გარბის. ის საკუთარ თავზე მეტის გაგებას ცდილობს და პოულობს დედას, ტერის. ილევენი იგებს, რომ მისი ნამდვილი სახელი ჯეინია, დედის მოგონებებში შეღწევისას კი აღმოაჩენს, რომ მისი მსგავსი სუპერძალა სხვებსაც აქვთ. ის ახალგაზრდების ჯგუფს პოულობს, თუმცა მას შემდეგ, რაც იგებს, რომ მის მეგობრებს საფრთხე ემუქრებათ, ჰოუკინსში ბრუნდება.

4. მაიკი იგებს, რომ ილევენი ცოცხალია

ეს მეორე სეზონის ყველაზე ემოციური სცენაა.

5. ნენსი და სტივი შორდებიან

ფოტო: Netflix

ბარბის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, ნენსისა და სტივის ურთიერთობა უარესდება. ისინი შორდებიან, თუმცა მეორე სეზონში ნენსი და ჯონათანი უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, რაც რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება. მათთვის, ვინც უცნაურ ამბებს პირველივე სეზონიდან ყურადღებით უყურებს, ნენსისა და ჯონათანის სიყვარულის ისტორია სიურპრიზი ნამდვილად არ იყო. მსახიობები ნატალია დაიერი და ჩარლი ჰიტონი რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები არიან.

6. ჰოკინსში ახალი ბავშვები მოდიან

ფოტო: Netflix

ქალაქს ახალი ცუდი ბიჭი ჰყავს, ბილი (დარსი მონტგომერი) და მისი უმცროსი და, მექსი (სადი სინკი), რომელიც დიგ-დაგის თამაშში დაუმარცხებელია. მექსი დასტინს (გატენ მატარაცო) და ლუკასს (კალებ მაკლაფინი) მოეწონებათ, თუმცა გოგონას გულს საბოლოოს ლუკასი მოიგებს. თავის მხრივ, არც ბილი რჩება პარტნიორის გარეშე. ის მაიკის დედის, კარენის სიმპატიას დაიმსახურებს.

7. ილევენი აფსაიდ დაუნის ჭიშკარს კეტავს

...ან ასე ბავშვები ფიქრობენ. მეორე სეზონის ფინალურ სცენაში ჰოუკინსის ცაზე გონებაზე მონადირის აჩრდილი გაიელვებს. თუმცა, შესაძლებელია ილევენმა მართლა დახურა ჭიშკარი, თუმცა მონსტრი ამ დროს რეალურ სამყაროში დარჩა. "იქნებ ის არც წასულა? იქნებ ის ჩვენთან გამოვკეტეთ და ახალ მასპინძელს ეძებს, რომ გონება მიიტაცოს?" — კითხულობს ვილი მესამე სეზონის ტრეილერში, რა დროსაც ეკრანზე ბილი ჩნდება.

8. ილევენისა და მაიკის კოცნა

მე-2 სეზონის დასასრულს, სკოლა ცეკვებს, Snow Ball-ს გამართავს, სადაც მილევენი კიდევ ერთ კოცნას ვხედავთ. "ჩვენ ბავშვები აღარ ვართ", — ამბობს მაიკი ახალი სეზონის ტრეილერში.