ადამიანების დიდი ნაწილისთვის დღეს ინტერნეტის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. აი, ახლა ამ სტატიასაც ხომ ინტერნეტის მეშვეობით კითხულობთ?

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ეს უდიდესი მონაპოვარი უამრავ ადამიანს უქმნის კომფორტს და ზღვა რაოდენობის ინფორმაციაზე აძლევს წვდომას, მსოფლიოში უამრავი ადგილი არსებობს სადაც, ინტერნეტი უბრალოდ არ აქვთ — მათ შორის იყო ფშავიც.

თუმცა, მთის ამბების ინფორმაციით ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სოფელ ვაკისოფელში როგორც იქნა, პირველად ჩაირთო ინტერნეტი.

წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გადაჭრასა და ხეობის ინტერნეტიზაციას მოითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღემდე არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ამ რეგიონის ინტერნეტიზაციის ფარგლებში, რომელიც მთის სათემო ქსელმა, საქართველოს მთავრობამ და საქართველოში ჩეხეთის საელჩომ უკვე დააფინანსა, უკანაფშავის, ახოტის, გუდამაყრის ხეობისა და პირიქეთა ხევსურეთის სოფლები ინტერნეტით დაიფარება.