ქუთაისის საერთაშორისო აეროპორთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის სადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახალი სადგურის აშენების ნაცვლად აეროპორტთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სადგური გარემონტდება.

"უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია აერჯიმ უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით", — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2017 წლის აპრილში დააანონსა. მაშინ პრემიერი ამბობდა, რომ "ზუსტად 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი". ამ კომენტარის მიცემიდან ორი წელზე მეტი გავიდა.