მედუზას ფორმის მცირე ზომის რობოტი ერთხელაც შესაძლოა ადამიანის სხეულში აღმოჩნდეს და მედიკამენტი დამიზნებით მიიტანოს საჭირო ადგილას.

მაქს პლანკის ხელოვნური სისტემების ინსტიტუტში, მეთინ სიტმა და მისმა კოლეგებმა რობოტი მედუზა შექმნეს, რომელსაც ცურვის პარალელურად მცირე ზომის ობიექტების გადაადგილებაც შეუძლია. მისი დიამეტრი სულ რაღაც 3 მილიმეტრია და ზომით ახალშობილ მედუზას უტოლდება.

რობოტის კორპუსს 6 "საცეცი" აქვს, რომლებიც წუთში დაახლოებით 150-ჯერ იკუმშება და ამგვარად მედუზას მსგავსად ახერხებს ცურვას სითხეში.

ცურვისთვის რობოტის სხეულში მცირე ზომის აირის ბუშტუკია მოთავსებული, ხოლო მისი "საცეცები" სილიკონის რეზინისგან არის დამზადებული და ისინი ნეოდიმიუმის მაგნიტური მიკრონაწილაკებით არის კორპუსთან შეკავშირებული.

მაგნიტური ველის მართვით მეცნიერებს საშუალება აქვთ რობოტის მოძრაობის მიმართულება საკუთარი სურვილისამებრ ცვალონ.

რაც შეეხება მის პრაქტიკულ გამოყენებას. ექსპერიმენტში რობოტს შეუძლია მცირე ზომის მძივის ფორმის ნივთიერებები თავისი საცეცების საშუალებით კორპუსის ქვეშ მოიქციოს და ამგვარად გადაიტანოს. მსგავსი სახით იგი შეძლებს საჭიროებისამებრ მედიკამენტების ზუსტ, დამიზნებით ტრანსპორტირებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მაგ. რობოტს შეეძლება ქიმიოთერაპიული პრეპარატი კათეტერის გავლით დამიზნებით მიიტანოს შარდის ბუშტში ლოკალიზებულ კიბოსთან.

"რობოტები ისეთი მასალისგან იქნება დამზადებული, რომელთა დაშლასაც რამდენიმე თვე დასჭირდება და იგი ბუნებრივი გზით გამოიყოფა ორგანიზმიდან. მის დასამზადებლად უფრო იაფი მასალის გამოყენებაც შეიძლება", — აცხადებს გამომგონებელი მეთინ სიტი.