მომღერალი ქეთათო ფეისბუქზე სირცხვილიას აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გამოყენებას ფეისბუქზე ეხმაურება და ორგანიზატორებს საკუთრების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს:

"როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო", - წერს ის ვრცელ პოსტში.

ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები საქართველო, ქაღალდის გემი (მე გადმოვცურავ ზღვას), ისტორიას, გვარდია და ა.შ. 13-დღიანი მშვიდობიანი აქციების დასასრულს და მსვლელობებზე სხვა მუსიკასთან ერთად, არაერთხელ გაჟღერდა.

"ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების", — წერს ქეთათო და დასძენს, რომ ჩარკვიანის მუსიკას სხვადასხვა ჯგუფები "ახლომხედველური მიზნებისთვის" იყენებენ, რომ "ფონს გავიდნენ".

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, მის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები ცოლს გადაეცა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას საჯაროდ აპროტესტებს. 2017 წლის ბოლოს, მუსიკის კოლექციონერ ჯაბა შავიშვილს, მიღებული რეპორტის გამო YouTube-ის არხი წაუშალეს, სადაც ჩარკვიანის გარდა, ათასზე მეტი ქართული კომპოზიცია ჰქონდა განთავსებული. მაშინ შავიშვილი წერდა, რომ მის იუთუბ არხზე არსებული სიმღერების დიდი ნაწილის ასლი არ არსებობდა.

"საქმე იმაშია, რომ კეთდება ირაკლის და ჩემი ოფიციალური არხი იუთუბზე, MepeKetato Official, სადაც აიტვირთება ყველა მასალა, რაც გამოვეცით ირაკლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო იუთუბის ყველა სხვა არხზე მასალა განთავსდება მხოლოდ ჩემი თანხმობით, ვინაიდან მე ვარ საავტორო უფლების მფლობელი", — დაწერა ქეთათომ საპასუხოდ.

20 ივნისის აქცია

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.