გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს. თუ ევროპარლამენტი ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას დაამტკიცებს, ის ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის და გახდება პირველი ქალი, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. თავის მხრივ ის უკვე გახდა პირველი ქალი, რომელმაც გერმანიის თავდაცის მინისტრის პოსტი დაიკავა.

ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ბრიუსელში სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად წარადგინეს. ამ დღეების განმავლობაში ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ კანდიდატზე, რომელიც ყველას აწყობდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილებოდა ნიდერლანდელი სოციალ-დემოკრატი ფრანს ტიმერმანსი, რომლის კანდიდატურა წარადგინა რამდენიმე ქვეყანამ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა. ამავე დროს, ტიმერმანსის კანდიდატურა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უარყო.

ამასთანავე, სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირის საკვანძო პოსტები გაანაწილეს. ევროკავშირის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის თანამდებობად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი დაიკავებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, შარლ მიშელი ჩაანაცვლებს. ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე ფედერიკა მოგერინის ნაცვლად ესპანელი ჟოზეპ ბორელი იზრუნებს.