განახლება: ნიუსის გამოქვეყნებამდე საიტი გათიშეს

ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს ვებგვერდის ყალბი ვერსია შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი საპენსიო დანაზოგის შემოწმებას სთავაზობს. საიტი ბრენდირებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალური საიტის იდენტურად, გამოყენებულია სააგენტოს ლოგო და ფერები. განსხვავებულია მხოლოდ მისამართი.

ვებგვერდზე გადასვლისას საიტის ადმინისტრაცია საპენსიო დანაზოგის შემოწმების მსურველს სახელისა და გვარის, პირადი ნომრისა და საბანკო ანგარიშის მითითებას სთხოვს. აქვე აფრთხილებს, "ვერიფიკაციისთვის თქვენს ბარათზე მოხდება 0,01 თეთრის დაბლოკვა 24 საათით, რომელიც შემდეგ უკან დაგიბრუნდებათ".

On.ge-ს საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, რომ ყალბი საიტი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. მათ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს და დაწყებულია მოკვლევა. სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის ჩივილით ამ დრომდე არავის მიუმართავს. მისივე განცხადებით, მოქალაქეები გააფრთხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება საპენსიო სააგენტოს სახელით ყალბი ვებგვერდის შემქნის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს ოფიციალური საიტია — www.pensions.ge