ნდობამ შექმნა საზოგადოება.

სხვისი ნდობა ჩვენთვის ჩვეული რამ არის. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებით გულუბრყვილოებიც კი ვართ: სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არ ველოდებით, რომ მოგვატყუებენ. თუმცა, ურთიერთობასაც გააჩნია.

როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანს, საკუთარ ჯანმრთელობას სრულიად უცხო პიროვნებას ვანდობთ, არც კი ვუფიქრდებით: "ეს ნამდვილად ექიმია? შესაძლოა უბრალოდ თეთრი ხალათი აცვია და სინამდვილეში სამედიცინო უნივერსიტეტში საერთოდაც არ უსწავლია". რა თქმა უნდა, ის მოლოდინიც არ გაგვაჩნია (უმეტეს შემთხვევებში), რომ მკურნალი ექიმი რაიმეს მოგვატყუებს და ამით ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მას ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული და კეთილსინდისიერებას ეთიკური კოდექსი ავალდებულებს. შესაბამისად, მედიკოსის ნათქვამს უმრავლესად სიმართლედ აღვიქვამთ.

პოლიტიკოსები კი იმ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთაგანაც ტყუილი არ გვიკვირს და გარკვეულწილად, ამის მოლოდინიც კი გვაქვს. მათ მიმართ უფრო მეტად სკეპტიკურები ვართ. ხშირად ხუმრობით შესაძლოა ვინმე ნაცნობ მატყუარაზე ისიც კი ვთქვათ: მისგან კარგი პოლიტიკოსი დადგებაო.

სინამდვილეში ტყუილი ზოგადად სიცოცხლის თანამდევია. კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები სურიკატებისთვის თავის გადარჩენა საკმაოდ რთული იქნებოდა, მათ ამაში შავი, წითელთვალა ფრინველი, დრონგო რომ არ ეხმარებოდეთ. საქმე იმაშია, რომ სიმაღლიდან მომზირალი დრონგო კარგად ამჩნევს მოახლოებულ საფრთხეს და ამის შესახებ სურიკატებს ხმამაღალი ყივილით ამცნობს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მსგავს სამსახურს თავისი ფასი აქვს: ზოგჯერ დრონგო ცრუ განგაშს ტეხს და ამგვარად მიმალვის პანიკაში მყოფ სურიკატებს ნანადირევს პარავს. დაკვირვება, შესწავლა და ტყუილი- ესაა ევოლუციურად დრონგოსებრთა გადარჩენის საიდუმლო.

როდის იწყებს ადამიანი ტყუილის თქმას?

თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოხვედრია მშობლებისგან ტყუილის გამო. შვილის ტყუილში გამოჭერა გასააზრებლად მეტად მტკივნეული რამ არის: თითქოს ამ მოვლენით ბავშვის სისპეტაკე დასრულდა.

ტყუილი მალევე გაჩნდებოდა მაღალი განვითარების პრიმატებში კომუნიკაციის ფორმების დახვეწის პარალელურად. ლინგვისტ დენიელ დორის მოსაზრებით, სიცრუემ დიდი როლი ითამაშა მეტყველებისა და ზოგადად ადამიანთა შორის კომუნიკაციის განვითარებაში: მისი დახმარებით ენა უფრო კომპლექსური გახდა, სიტყვებისა და ქმედებების მიღმა უფრო რთული მოტივები ჩამოყალიბდა. სიცრუის გარეშე უფრო ღარიბი ფანტაზია გვექნებოდა, ნაკლებად კრიტიკულები და ემოციურად კონტროლირებადები ვიქნებოდით. სავარაუდოდ, ჩვენი კულტურა მითების, ლეგენდების, სიმბოლოებისაგან დაცლილი და შესაბამისად, ძალზე მწირი იქნებოდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან ვსწავლობთ და ეს სასარგებლოც არის: ამგვარად ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობები იხვეწება, ფანტაზია ვარჯიშდება, ემოციურად მრავალფეროვან გამოცდილებას ვიძენთ. ვიქტორია ტალვარისა და კანგ ლის ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან იწყებენ. სწორედ მათ შეიმუშავეს ბავშვებში სიცრუის ასაკობრივი კლასიფიკაცია:

  • პირველადი ტყუილი — 2-3 წლის ასაკში გვხვდება და მას ძალზე ინფანტილური სახე აქვს. როგორც წესი ბავშვები უფროსების ჩაძიებაზე სიცრუეს მაშინვე აღიარებენ.
  • მეორეული ტყუილი — 3-4 წლის ასაკში ვლინდება და ამ დროს ტყუილები უფრო დახვეწილი ხდება. ბავშვები ცდილობენ თავიანთ ნათქვამ სიცრუეს ლოგიკური ახსნა მოუძებნონ. 7 წლამდე მშობლების აქტიური ჩაკითხვის შედეგად მათ ლოგიკურ მსჯელობაში „ეპარებათ“ ხოლმე მცირე ნიუანსები, მაგრამ არავერბალური ქმედებები შესაძლოა ისე ჰქონდეთ გამოხატული, რომ უფროსებს თავი მართლებად მოაჩვენონ.
  • მესამეული ტყუილი — 7-8 წლის ასაკიდან ვითარდება. ბავშვების ტყუილები გაცილებით უფრო კომპლექსური და დახვეწილი ხდება, მშობლების ჩაძიების საპასუხოდ მათი ლოგიკური განმარტებები ხშირად უშეცდომოა.

რა ნეიოროფიზიოლოგიური პროცესები იმალება ტყუილის უკან?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლებს შვილების ხშირი ტყუილები აშინებთ, ის გახლავთ, რომ უმრავლესობას მიაჩნია, ეს მათ შემდგომ ჩვევაში გადაეზრდებათ. სწორედ ამ მოსაზრების პირველი ფაქტობრივი მტკიცებულება წარმოადგინა ნილ გარეტმა კოლეგებთან ერთად. მათ შეისწავლეს განმეორებითი ტყუილების გავლენა თავის ტვინში ლოკალიზებულ ემოციებზე პასუხისმგებელ უბანზე, ამიგდალაზე (ნუშისებრი სხეულზე) და საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: თავის ტვინს ტყუილზე ემოციური ადაპტაციის უნარი გააჩნია: ხშირი განმეორების პირობებში ამიგდალა სიცრუეზე აღარ რეაგირებს. შესაბამისად, ერთი შეხედვით მორალურად მიუღებელი მცირე ზომის ტყუილებისგან გამოწვეული სინდისის ქენჯნა დროთა განმავლობაში ქრება. ადამიანს "შუბლი უსქელდება". როგორც აღმოჩნდა, არა მარტო მეტაფორული მნიშვნელობით.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, იალინგ იანგის კვლევებით მეტად საგულისხმო შედეგებამდე მივდივართ: მატყუარებს შუბლის წინა ქერქში ნეირონული კავშირები უფრო ჭარბად აქვთ გამოხატული. მსგავსი მორფოლოგიური ცვლილება ფიქსირდება ასევე პათოლოგიურ მატყუარებშიც, სადაც ნეირონთა ჭარბი გროვები ასევე შუბლის წინა ქერქშია ლოკალიზებული. აქ მდებარე სტრუქტურები ჩართულია ინდივიდის ემოციების რეგულაციაში, სოციალურ მსჯელობებსა და მოტორულ კონტროლში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მსგავსი ანატომიური ცვლილების მიზეზი ხშირი ტყუილის თქმაც გახლდეთ.

რა მოტივით იტყუებიან ადამიანები?

ყველა ტყუილს თავისი მოტივი გააჩნია. ტიმოთი ლევინის მოსაზრებით, ადამიანები რამდენიმე ძირითადი მიზეზით შეიძლება ცრუობდნენ:

  • თავდასაცავად (პირადი დანაშაულის დასაფარად; სხვა ადამიანებისგან თავის ასარიდებლად)
  • საკუთარი თავის დასაწინაურებლად (ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად; პიროვნული უპირატესობის მოსაპოვებლად; თვითშეფასების ასამაღლებლად; სხვების გასამხიარულებლად)
  • ზემოქმედებისათვის (ალტრუისტული მიზნებისთვის; სოციალური როლების შესრულებისას, რათა უზრდელები არ გამოჩნდნენ; სხვა ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად)
  • გაურკვეველი მიზნების გამო (პათოლოგიური ტყუილი; უცნობი მოტივი)

ამგვარი კლასიფიკაცია პრაქტიკულია, როდესაც კონკრეტული ინდივიდის გულწრფელობას ვაფასებთ. თუმცა, მოტივები რამდენადმე განსხვავებულია, როდესაც ინდივიდს არა განყენებულად, არამედ როგორც რაიმე ჯგუფის წევრის კონტექსტში განვიხილავთ. მაგალითის სახით რომ ვთქვათ: ნებისმიერ პოლიტიკოსს ინდივიდუალური ხედვის გარდა გააჩნია მისი პარტიის შესაბამისი ხედვაც, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ.

ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობა კარგად აიხსნება ექსპერიმენტით დამტკიცებული შიშის და სიხარბის თეორიით. დადასტურებულია, რომ ჯგუფები იყენებენ შიშს (ადამიანებს ჯგუფების ეშინიათ) და ინდივიდებთან შედარებით უფრო აქტიურად ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები თავიანთ სასიკეთოდ (ჯგუფები უფრო ხარბები არიან). ამასთანავე ჯგუფები უკეთესად აგვარებენ მათ წინაშე არსებულ კომპლექსურ ეკონომიკურ პრობლემებს ("ორი თავი უკეთ აზროვნებს"). სატერის მოსაზრებით, ორგანიზებული ჯგუფების მიერ შიშის ამგვარი სახით, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად გამოყენება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ლოგიკურია, რომ ჯგუფი სიმართლეს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა ეს მას სტრატეგიულად წაადგება. ის, რაც შესაძლოა ეთიკური დილემა იყოს ინდივიდისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჯგუფისთვის.

სიმართლე წარმატებული კომუნიკაციისათვის აუცილებელი კომპონენტია, ხოლო ტყუილი უსიამოვნო ფონს ქმნის და გულწრფელობის სურვილს უკარგავს მოტყუებულს. კრის სტრიტმა და დენიელ რიჩარდსონმა ექსპერიმენტით დაადასტურეს, რომ სიმართლის მოსმენის შემთხვევაში მსმენელს წინასწარგანწყობა უჩნდება, რომ შემდგომ მოსმენილი განცხადებებიც სიმართლეა და პირიქით: როდესაც ადამიანი ერთხელ მაინც ვინმეს ტყუილში გამოიჭერს, შემდგომ მოსმენილ განცხადებებსაც ტყუილად აღიქვამს. ყველაფერი ნდობის საკითხია: როდესაც იგი იკარგება, მისი აღდგენა ძალზე რთულია.

მიუხედავად ასეთი მაღალი რისკებისა ადამიანები მაინც იტყუებიან. ნობუჰიტო ეიბისა და მისი კოლეგების ექსპერიმენტული კვლევით დგინდება, რომ თუ ტყუილის შედეგად სარგებლის მიღების ალბათობა არსებობს და შესაბამისად, ინდივიდი ამ მოტივით იტყუება, მისი ტვინის სიამოვნების ცენტრი უფრო მეტად ღიზიანდება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ: მოტყუებით მიღებული სარგებელი სასიამოვნოა. თუ პოკერში ერთხელ მაინც ბლეფით მოგიგიათ, მიხვდებით რა ტიპის ფიზიოლოგიურ პროცესს ხსნის ეს კვლევა. ამდენად, აღარ არის გასაკვირი პოლიტიკოსთა და მათი ჯგუფების გახშირებული ტყუილების მიზეზები.

რაც შეეხება სიმართლის ამოცნობას, მარკ- ანდრე რაინარდის კვლევის მიხედვით, ინდივიდები რომლებსაც შემეცნების სურვილი (NFC) უფრო მეტად აქვთ გამოხატული, გაცილებით ზუსტად არჩევენ ტყუილს სიმართლისგან, ვიდრე ადამიანები შემეცნების დაბალი სურვილით. ეს შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც ინდივიდს შესაფერის სიტუაციაში გააზრებული, გონივრული და კომპლექსური გადაწყვეტილებები მიღებისკენ უბიძგებს, ძალზე მძლავრი მოტივატორია. სიმართლის ამოცნობის მთავარი გარანტი კი კარგად განვითარებული კრიტიკული აზროვნებაა. მტკიცედ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის ფონზე, შესაძლოა ინდივიდებმა მხოლოდ მათ შეხედულებებთან თანხვედრაში მყოფი ინფორმაცია აღიქვან სიმართლედ.

პოლიტიკოსი ხშირად არ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი. იგი უფრო დიდი, პოლიტიკური პარტიის/ჯგუფის წევრია. შესაბამისად, ამგვარ პოლიტიკოსს ვერ მოვთხოვთ ინდივიდუალური მორალური ღირებულების მიხედვით გააკეთოს სწორი საქციელი. უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი, რომელსაც, სანამ სიმართლე არ იქნება მისთვის მომგებიანი, იქამდე შეუძლია შიშის დანერგვით მიაღწიოს საწადელს. ამასობაში კი თაობა, რომელსაც შემეცნების შინაგანი მოთხოვნილება აქვს, ამჩნევს სიმართლეს. მოტყუებული ინდივიდები პოლიტიკური ჯგუფის მიღებულ ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას როგორც ტყუილს ისეთი წინასწარი განწყობით მიუდგებიან. ახლა კი უკვე ამგვარი ინდივიდებიც ჯგუფების პრინციპით იწყებენ მოქმედებას იმ მიზნით, რომ სიმართლე უფრო მომგებიანი გახადონ.

ნდობამ შექმნა საზოგადოება და მან პოლიტიკოსთა ჯგუფების ინტერესებს უნდა აჯობოს.