"საქართველოს რესპუბლიკის უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი მშენებლობისთვისაა დაბადებული", — ამ სიტყვებით იწყებს სტატიას New York Time-ის რეპორტიორი დევიდ სეგალი ბიძინა ივანიშვილისა და ანაკლიის პორტის შესახებ.

ავტორის თქმით, ივანიშვილს ეკუთვნის თბილისის ყველაზე შთამბეჭდავი კერძო შენობები, 50 მილიონი დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშის სასახლე, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში მთაზე მდებარეობს, პერსონალური საოფისე სივრცით, თვითმფრინავის აეროდრომით, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებითა და ზვიგენებით.

ავტორი ივანიშვილს ქართული პოლიტიკის "ყველაზე ძლევამოსილ კაცად" მოიხსენიებს და წერს: "როცა რაიმე მაღალი პროფილის შენობა შენდება, "მისი კურთხევა" მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ პროექტში გადასახადების გადამხდელების ფულიცაა ჩართული. ასეთი მაღალი დონისა და მნიშვნელობის მიმდინარე პროექტი მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტია, რომელიც ანაკლიაში შენდება და 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა".

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად საერთაშორისო მხარდაჭერისა, პროექტს დაბრკოლებები აქვს: "ერთ-ერთი დაბრკოლება, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილია. საჯაროდ ის მხარს უჭერს პორტს. თუმცა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის აწარმოებს ცუდად შენიღბულ ანტიკამპანიას ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ".

ფოტო: Daro Sulakauri / The New York Times

"ეს უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური ინტრიგა, იმის გარდა, რომ საქართველოზე ფსონები იმაზე მაღალია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. წლების განმავლობაში ქვეყანა საბჭოთა ფესვებს ებრძოდა, რუსეთის ჩრდილიდან გამოდიოდა. რამდენიმე წარმატების შემდეგ კი ეცადა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მოპოვებასა და დასავლელი ინვესტორებისთის თავის მოწონებას, როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიის კვეთაზე. პორტი სწორედ რომ უდიდესი ნაბიჯია ამ მიმართულებით".

სტატიაში ერთი წინადადებით არის ნახსენები ივნისის თვეში თბილისში დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციები. ავტორის თქმით, პროტესტის ტალღა დიპლომატიურმა ინციდენტმა გამოიწვია და გამყარდა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს 20%-ის განგრძობადი ოკუპაციით.

სტატიის ავტორი საუბრობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეზე და წერს, რომ პროექტი გაურკვეველ პრობლემებში გაეხვა:

"იანვარში ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, განაცხადა, რომ ანაკლიის კონსორციუმის წევრი ბანკირების წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე დაიწყო გამოძიება. საქმე ეხებოდა 10 წელზე დიდი ხნის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას. გაურკვეველია, რა შეიძლება გამოიწვიოს პროექტის მარცხმა, თუკი ნამდვილად ეს იყო მიზანი".

სტატიაში მოყვანილია საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ მიზანი არის პროექტის დისკრედიტაცია.

"ანაკლიის პროექტი აღარ არის მხოლოდ ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნებოდა. ის გახდა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და მისი მთავრობის ტესტი", — წერია სტატიაში.

ავტორს ამ აზრის გასამყარებლად მოჰყავს აშშ-ს გენერალური მდივნის, მაიკ პომპეოს ციტატა პრესკონფერენციაზე, რომელიც ამბობს, რომ პორტის პროექტი უნდა დაასრულონ.

"მანვე [მაიკ პომპეომ] დაამატა, რომ პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და დაიცავს რუსულიდ და ჩინური ეკონომიკური ზეგავლენისგან".

რეპორტიორის თქმით, საპარლამენტო დემოკრატია თავისუფალ არჩევნებსაც მოიცავს. თუმცა საქართველოში ამ არჩევნებს წლებია აკონტროლებს "ინტროვერტი", "იოგას პრაქტიკოსი ოლიგარქი, რომელიც დაიბადა საქართველოში, სიღარიბეში".

"კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ახლა პირველ რიგში თავისი ბედითაა დაინტერესებული. ეს ბედი უხეში დაანგარიშებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ერთი მესამედი, 5 მილიარდი დოლარია. ეს თანხა ივანიშვილმა რუსეთში ყოფნის დროს დააგროვა, პრივატიზაციის ერაში, ყიდდა ტელეფონებსა და კომპიუტერებს, აბანდებდა კაპიტალს, რომ გაეხსნა ქვეყნის პირველი კერძო ბანკი", — ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ივანიშვილის "ექსცენტრიულ იდეებზეც წერს": "მან ააშენა საკუთარი ზოოპარკი ლემურებით, ზებრებითა და პინგვინებით. ეკოლოგების გაღიზიანების პარალელურად მან ამოთხარა იშვიადი და გიგანტური ხეები და თავის ბოტანიკურ ბაღში გადაიტანა".

ავტორი მიმოიხილავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობას 2012 წლის შემდეგ. ავტორი წერს: "ის ამჯობინებს ძალა მშვიდად გამოიყენოს საკუთარი შუშის სასახლიდან, სუბორდინაციის გათვალისწინებით. მთავარი პროკურორი მხოლოდ გავლენიანი საჯარო მოხელე არ არის. მას ივანიშვილი ხელფასს უხდიდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ერთ დროს მისი პირადი დაცვა იყო; ჯანდაცვის მინისტრი — მისი პირადი ექიმი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი — ქართუ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი".

ავტორის თქმით, ქართული ოცნების ლიდერები აღწერენ ივანიშვილს, როგორც პატრიოტს დასავლური ღირებულებებით. მათი თქმით, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ავტორი ასევე წერს, რომ ქართული ოცნების ლიდერი არჩილ თალაკვაძე და სხვები ამბობენ, რომ ანაკლიის პორტს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს.

ფოტო: CreditDaro Sulakauri / The New York Times

რეპორტიორი ქრონოლოგიურად აღწერს ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ მოვლენებზე, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე თიბისი ბანკის მფლობელების წინააღმდეგ:

"ანაკლიის პროექტისთვის ინვესტიციების შეგროვება დაგეგმილზე მეტად გაიწელა, პროექტს თან ახლდა რიგი "თავის ტკივილები". 9 იანვარს კი "სრული შაკიკი" დაემართა. სწორედ ამ დღეს გამოაცხადა გენერალურმა პროკურორმა, რომ 17 მილიონი აშშ დოლარის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტრანზაქცია თიბისი ბანკში 2008 წელს განხორციელდა. ფულის გათეთრების საქმის გამოძიება მიჩუმდა, რასაც მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ბიზნესლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა. ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ კანონის უზენაესობაა. სხვები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილმა საქმე აღძრა მამუკა ხაზარაძის ჩამოშორების მიზნით, რომელსაც მომავალში პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამ თეორიით ივანიშვილი პორტის მშენებლობის შეჩერებას არ ცდილობდა, ის ცდილობდა ხაზაძის დისკრედიტაციას".

სტატიას საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელის ფადი ასლის სიტყვებით სრულდება, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის საქმე პოლიტიკური დრამაა.

"როცა მთავრობა შეიცვლება ყველა ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან დარტყმის საფრთხის ქვეშ დგება. როცა ეს მოხდება, მე ვიქნები ადამიანი საქართველოში, რომელიც მას დაიცვას, არა იმიტომ მის მიმართ სიმპატიები მაქვს, არამედ იმიტომ, რომ მჯერა, ბიზნესი უნდა გამოვიდეს პოლიტიკური ომიდან".