ქართველი ტექნო დიჯეის და პროდიუსერის, Kancheli-ის და ჰიპ-ჰოპ არტისტის, ამიკო ნინუას (MC Cutkill) ახალი ტრეკი თავისუფლება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

"ამ ტრეკს ვუძღვნით ახალგაზრდებს, გულწრფელი პროტესტის სასტიკად დარბევის შედეგად დაშავებულ ადამიანებს, რომლებმაც სამუდამოდ დაამტკიცეს, რომ საქართველო რუსულ ოკუპაციას არასოდეს შეეგუება! ჩვენგან პატარა მადლობა თქვენ!" — წერენ არტისტები.

აქცია #სირცხვილიას უკვე არაერთი მუსიკალური ჯგუფი და შემსრულებელი გამოეხმაურა.

20 ივნისის აქცია

პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. შსს-ს ცნობით, აქციის 305 მონაწილე დააკავეს.

ამავე თემაზე: