პარლამენტის დეპუტატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ პარლამენტის წინ აქციებს ის ადამიანები ატარებენ, ვისაც შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში შეჭრის უფლება არ მისცა.

"დავესესხოთ ჰოლანდიის ელჩს, რომელიც გულისხმობს საკმაოდ სიღრმისეული გამოძიების, შეფასების, ანალიზის ჩატარებას და ამის მიღებას გადაწყვეტილების, რასაც თვითონ გახარიაც უსვამს ხაზს. ეს ერთი, მაგრამ მთავარი მაინც ის თემაა, რასაც ჰქვია ოპერაცია — გახარია, რომელიც უნდა წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი გააჩნია, არ დაუშვას სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობა", — უთხრა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.

20 ივნისს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და აქცია #სირცხვილია მოაწყვეს. პროტესტს შეუერთდნენ ოპოზიციის წევრები, რომლებიც ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის ძალისმიერ დაშლას დამოუკიდებელი სამოქალაქო ჯგუფის კიდევ ერთი პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აქცია #სირცხვილია გააგრძელა. ამ ხნის განმავლობაში, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მოახერხეს და მათი სამი მთავარი მოთხოვნიდან ხელისუფლებას ორი (პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება 2020 წელს და აქციის დაშლის ღამეს დაკავებული ყველა დემონსტრანტის განთავისუფლება) უკვე დაათმობინეს. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და მათი თქმით, ამ მოთხოვნის შესრულებისთანავე დაშლას აპირებენ.