სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, სხვადასხვა ხიდზე ბანერი გადმოფინეს შს მინისტრის გიორგი გახარიას ფოტოთი და წარწერით "წადი". აქტივობის ორგანიზატორი, მარიამ ბაშარული On.ge-ს უყვება, რომ ბანერები გადმოიფინა ვახუშტის, მარჯანიშვილის, იუსტიციის სახლისა და მეტეხის ხიდებზე. ბანერები ერთი საათის განმავლობაში იყო გადმოფენილი. მარიამ ბაშარულის აზრით, თბილისის მერიისგან ნებართვა არ იყო საჭირო, რადგან ტრანსფარანტი ხელით ეჭირათ.

თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე უკვე მე-13 დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება, სადაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. 20 ივნისის ღამეს, შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. ხელისუფლების პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა, ერთ-ერთი კი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.