ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ, თუ სააპელაციო სასამართლო არ შეცვლის პირველი ინსტანციის განჩინებას შეზღუდვებთან მიმართებით, ისინი საკონსტიტუციოს მიმართავენ. საქმე ეხება საცხოვრებელი სახლის შეტყობინების გარეშე ვერდატოვებას და მოწმეებთან ურთიერთობის შეზღუდვას.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, როგორც მინიმუმ სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს განმარტებები. ამ განჩინების ნაწილში არის საკმაოდ ბუნდოვანი ჩანაწერი... ხოლო მეორე ნაწილი პირდაპირ შემზღუდავ ღინისძიებას ადგენს, თავისუფალ გადაადგილებაზე, რაც უნდა შეიცვალოს. აღნიშნული განჩინება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გასწორდება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩება ერთადერთი გზა, რომ მოვამზადოთ საკონსტიტუციო სარჩელი", — განაცხადა ადვოკატმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დეპუტატ ნიკა მელიასთვის ორი სააპელაციო საჩივრის განხილვა. ერთ შემთხვევაში მომჩივანი ბრალდების მხარეა, ხოლო მეორე შემთხვევაში დაცვის მხარე.

ბრალდება ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

"მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც ზოგადად არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რა სახის შეზღუდვები იქნება გამოყენებული ნიკანორ მელიას მიმართ, გირაოს გამოყენება აპრიორი ჩვენ მიგვაჩნია მოცემულ შემთხვევაში უსამართლოდ და მიგვაჩნია, რომ რა ღონისძიებაც არ უნდა იქნეს ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას", — განაცხადა საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

ნიკა მელიას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ნიკა მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

პროკურორმა შუამდგომლობით ითხოვა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. პროკურორი ამბობდა, რომ არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. ასევე, სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც. ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.