სააპელაციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა და კიდევ ერთი დაუმატა. ახალ უკვე მელია ელექტრონულადაც გაკონტროლდება. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განჩინების ტექსტი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ის შეზღუდვები გაასაჩივრა, რომლის მიხედვით დეპუტატს საცხოვრებლის დატოვება ეზღუდება. ადვოკატმა განაცხადა, რომ შეზღუდვები პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, სადაც გარანტირებულია პარლამენტარის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლება.

სხდომაზე პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მისი თქმით, მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც ზოგადად არსებობს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

საქალაქო სასამართლოს განჩინება

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვს. მას ედავებიან ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას.