ახალი არაა, რომ თანამედროვე ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს ეკრანის წინ ატარებს, იქნება ეს ტელეფონი, ტაბლეტი თუ კომპიუტერი. ხშირად საშოპინგოდაც არა მაღაზიებს, არამედ ინტერნეტს მივმართავთ.

სურსათით დაწყებული, ორიგინალი ხელოვნების ნიმუშებით დასრულებული — ონლაინ ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი. უამრავ თანამედროვე კომპანიას უკვე აქვს ინტერნეტ-მაღაზიები და მათი რაოდენობა სულ უფრო იმატებს. ონლაინ ვაჭრობის წილი ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკის თითოეულ სფეროში.

კომპიუტერის თუ ტელეფონის საშუალებით ონლაინ მაღაზიის სტუმრობა და ნივთის შეკვეთა ძალიან მარტივია. გთავაზობთ რვა მიზეზს, თუ რატომ უნდა ივაჭროთ ონლაინ:

1. ჩანთების ტარება წარსულში რჩება

სახლში სუპერმარკეტის ათი ჩანთით მიბარბაცება საკმაოდ დამღლელია. თანაც ეს ჩანთები უფასოც კი არაა. გამოიწერე სასურველი ნივთები ონლაინ და მათ თავად მოგართმევენ.

2. შოპინგობ რა დროსაც გინდა

მაღაზიების უმრავლესობა მხოლოდ დღისითაა ღია. ხშირად, ჩვენი სხვა მოვალეობებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში დრო არ გვაქვს გარეთ გასასვლელად. ასეთ სიტუაციებში ონლაინ მაღაზია მხსნელად გვევლინება - ის ღიაა 24 საათის განმავლობაში.

3. თავიდან ირიდებ რიგებს

ფოტო: Jasmijn Solange Evans

ონლაინ შოპინგისთვის ალბათ ყველაზე კარგი მიზეზი ესაა. არავის უყვარს გადატვირთულ მაღაზიებში გზის გაკვლევა სასურველ ნივთამდე და მერე სალაროსთან უზარმაზარ რიგში დგომა. საყიდლებისთვის შენი საყვარელი სავარძლის დატოვებაც კი არ გიწევს და არც პიჟამას გამოცვლაა საჭირო.

4. შოპინგობ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში

საქართველოში ნამდვილად არ ვართ განებივრებული საერთაშორისო ბრენდების სიუხვით, თუმცა თუ თქვენს საყვარელ ბრენდს ონლაინ მაღაზია აქვს, ეს უკვე პრობლემა აღარაა (თუ არ აქვს, მივმართავთ Amazon-ს).

5. ამოწმებ მიმოხილვას

ონლაინ შოპინგის ერთ-ერთი პლუსია მომხმარებლის მიმოხილვა. ვერ გადაგიწყვეტია იყიდო თუ არა კონკრეტული ფეხსაცმელი? ნახე რამდენად მოსწონთ ის იმ ადამიანებს, ვინც უკვე შეიძინა. ნებისმიერი მაღაზიის კონსულტანტის რჩევაზე სასარგებლო რეკომენდაციებს სწორედ ნივთის მიმოხილვაში წაიკითხავთ.

6. ზოგავ ფულს

ფოტო: Lankogal / Shutterstock

დაივიწყეთ ერთი მაღაზიიდან მეორეში ხეტიალი ყველაზე იაფი შემოთავაზების საპოვნელად. ამას თქვენი კომფორტული სახლიდანვე შეძლებთ. თანაც, ძალიან ხშირად, ონლაინ მაღაზიებში ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებში. ასევე ხშირია წამახალისებელი კუპონები და ფასდაკლების ვაუჩერები, რომელთა გამოყენებას მხოლოდ ონლაინ მაღაზიებშია შესაძლებელი.

7. ფილტრავ პროდუქციას

ნივთების ფასის ზრდის მიხედვით დალაგება ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქციაა ბიუჯეტურად შოპინგის დროს. ასევე, თუ შავი რაღაც გჭირდება, ძალიან მარტივად შეგიძლია მხოლოდ შავი ნივთები ნახო ან ფერების მიხედვით დაალაგო. ზომის მიხედვით დაწყობაც არაა პრობლემა.

8. აგზავნი საჩუქრებს

ნათესავის ან მეგობრის დაბადების დღე გამოგრჩათ? არაუშავს. უცებ გადახედეთ ონლაინ მაღაზიებს, აარჩიეთ საჩუქრი და მეორე დღისთვის ის უკვე ადრესატთან იქნება. პატარა მისალოც ბარათსაც თუ დაურთავთ, ყველაზე ორგანიზებულ ნათესავადაც ჩაგთვლიან.

ბონუს მიზეზი: შეგრძნება, როცა ამანათი ჩამოდის

ვის არ მოსწონს მიღებული შეკვრის გახსნა? ბევრისთვის ალბათ ყველაზე სასიამოვნო მომენტია ამ პროცესში. ძალიან ამაღელვებელია, როცა სასურველი ტანსაცმელი ან ნივთი საბოლოოდ ხელში გივარდება. ამის გარდა, ტანსაცმლის მოზომება სახლში ბევრად უფრო კომფორტულია და თუ არ მოგეწონება, დაბრუნებაც არაა ძალიან რთული.