შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აბიტურიენტების ნაწილი, რომელსაც გამყოფ ხაზზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლეოდა, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

"მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. სხვადასხვა არხის გამოყენებით ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია", — განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ინტენსიურად მუშაობენ, რომ ინდივიდუალურად, თითოეულის საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

28 ივნისს ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეებს ზუგდიდში აღარ ატარებენ. აფხაზეთში გადასვლის უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე პირებს აქვთ. გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს მიმართვაც გაუგზავნა.