პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 19 ივნისს მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეის გახსნაზე, რუს დეპუტატთან საერთო ფოტოს გადაღება რუსების მხრიდან პროვოკაცია იყო. მისივე შეფასებით, პროვოკაცია იყო ისიც, რაც 20 ივნისს დილით პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამის შესახებ მან დღეს, TV პირველის კითხვის პასუხად, შერატონ მეტეხი პალასში ისაუბრა.

"თითოეული ჩვენგან იყო იმ მიღებაზე, რომელიც გაიმართა და როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, რომელიც არის ჩამოსული, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი. ესეც იყო პროვოკაცია, ისეთივე პროვოკაცია, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მეორე დღესაც", — თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან, ასევე, დაამატა ისიც, რომ სტუმარსაც და მასპინძელსაც არსებული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ემოქმედა:

"სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა ხელისუფლებამ".

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატია, რომელიც მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში თბილისს ეწვია. ქართული საზოგადოების მღელვარების გამო კი საქართველოს ტერიტორიის დატოვება სპეცრეისით მოუწია.

20 ივნისის მოვლენები

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა.