მიმდინარე წლის 25 ივნისს PACE-ში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში დაბრუნების საშუალება მისცა. მიღებულმა რეზოლუციამ PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის მიცემისა და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას. უკვე მეორე დღეს ახალი რეზოლუციით რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება სრულად აღუდგა.

რუსეთის დაბრუნებას პროტესტით შეხვდნენ საქართველო და უკრაინა. ღირებულებების დათმობაში ორგანიზაცია დაადანაშაულეს პოლონეთმა, ბრიტანეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. საბოლოოდ კი შვიდი ქვეყნის დელეგაცია რუსეთს დემარშით შეხვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრი, ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ PACE-ში რუსეთის დაბრუნება დიდი შეცდომაა. როგორც ის ამბობს, ეს კონკრეტული ინსტიტუტის ღრმა კრიზისში ჩავარდნას გამოიწვევს.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული დელეგაცია დემარშში სრული შემადგენლობით მონაწილეობდა, მაგრამ ამ დრომდე მთავრობის დუმილი მეგობარ ქვეყნებში გაკვირვებას იწვევს. გარდა ამისა, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთაშორისო დიპლომატიურ ასპარეზზე ერთ გუნდად უნდა ეთამაშათ, რაც უფრო შედეგიანიც იქნებოდა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო უკრაინისგან დისტანცირდება.

ფოტო: ევროპული საქართველო

"ჩვენ ვიქნებოდით უკეთეს პოზიციებზე, რადგან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ ყველას აჩვენა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო იზოლირებული ინციდენტი, საქართველოს კრიტიკოსები დადუმდნენ და ეს იყო შანსი, რომ საქართველოს თავისი საკითხი აქტუალიზაცია მოეხდინა უმაღლეს დონეზე. ამის მაგივრად ჩვენ მივიღეთ დისტანცირება. შვიდი წელი გავიდა და საქართველოს არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა ორმხრივ ფორმატში უკრაინაში ვიზიტით", — აღნიშნავს კანდელაკი.

მას მიაჩნია, რომ დისტანცირების მიზეზი რუსეთის მიმართ საქართველოს ღია კარის პოლიტიკაა. მისივე თქმით, ხელისუფლება დასავლელ და რუს ლიდერებს შორის მაღალი დონის შეხვედრებისას საქართველოს საკითხის დასმას არ ლობირებს, რაც ერთგვარი დანაშაულია.

"თვითონ ევროსაბჭოს შიგნით სოლიდარული ნაბიჯები გაგრძელდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების მხრიდან. აგერ არის ბურთი და მოედანი, საქართველომ როგორც ქვეყანამ, მთავრობის დონეზე თუ კი ამას გამოაკლდება, ეს იქნება დანაშაული", — ამბობს კანდელაკი.

დელეგაციის კიდევ ერთი წევრი და მმართველი გუნდის დეპუტატი, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების საკითხის განხილვა არ დასრულებულა და ის მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. როგორც გოგუაძე აღნიშნავს, არსებობს დათქმა, რომ ახალ სანქციებზე იმუშაონ, რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება, რათა წევრმა ქვეყნებმა დაკისრებული ვალდებულებები შეასრულონ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"ვალდებულებების შესრულება და არშესრულება ერთი და იმავე პრინციპით არ უნდა ფასდებოდეს. ეს არის პროცესი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია სრულად იქნება ჩართული", — უთხრა ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება რუსეთის საკითხზე საქართველოს გავლენას, გოგუაძე ამბობს, რომ ქართული დელეგაცია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს მუდმივად აყენებს.

"აქ რომ ვისაუბროთ იმაზე, რამე ხომ არ დავაკელით, არაფრის მომცემი არ არის. მთელი ჩვენი მუშაობის პროცესი იყო იმისთვის, რომ ევროსაბჭოს წევრებს მუდმივად სცოდნოდათ რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორ უშლის რუსეთი ხელს სამშვიდობო პროცესების წარმართვას", — ამბობს გოგუაძე.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ამოცანაა, რომ მუდმივი დისკომფორტი შეუქმნას რუსეთის დელეგაციას და შეახსენოს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან:

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობაზე, ვგულისხმობთ კოორდინირებულ აქტივობას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომლებიც მინისტრთა კომიტეტში არიან წარმოდგენილი. ეს იქნება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს შორის ერთობლივი პოზიცია, ერთობლივი შემდგომი რეაგირების მექანიზმები".

ეს იყო მხეცის გალიაში დატოვების მცდელობა

გია ჯაფარიძე

არსებობს მოსაზრება, რომ PACE-მ რუსეთი საწევრო შენატანის გამო დააბრუნა, რომელსაც ის 2017 წლიდან აღარ იხდიდა და ფინანსურმა სარგებელმა ღირებულებები გადაწონა. GRASS-ის უფროსი მკვლევარი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, გია ჯაფარიძეც ეთანხმება მოსაზრებას, რომ PACE-მ თავისი ქმედებით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს უღალატა, თუმცა ამბობს, რომ რუსეთის ფინანსური კონტრიბუცია მთავარი მიზეზი არ ყოფილა. მისი თქმით, უფრო მეტად გავლენა იქონია ევროპის სახელმწიფოების, განსაკუთრებით საფრანგეთისა და გერმანიის ნაციონალურმა პოლიტიკამ.

"ეს იყო მხეცის გალიაში დატოვების მცდელობა. რა ჯობია მხეცი გვყავდეს გალიის გარეთ თუ გალიაში? მხეცი მაინც მხეცია, მაგრამ გალიაში უფრო მეტი ბერკეტია, რომ რაღაცნაირად მიღებული ქცევის ფარგლებში იყოს და ქცევის ნორმები შევაცვლევინოთ", — ამბობს გია ჯაფარიძე.

მისივე თქმით, რუსეთმა PACE-ში დაბრუნებით გაიმარჯვა და აღადგინა ის სტატუს-კვო, რომელიც ყირიმის ანექსიის მიმართ არსებობდა.

"ეს არამარტო ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის ძალიან ცუდია. ცუდია ის, რომ ასეთმა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დათმო თავისი პრინციპები და ღირებულებების წინააღმდეგ წავიდა. მათ რეპუტაციასაც ურტყამს და მათი რეპუტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამავე დროს, რუსულ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივზე ასხამს წყალს".

ფოტო: 59 წამი

როგორც გია ჯაფარიძე ამბობს, ორგანიზაციის დატოვება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება. მისი თქმით, PACE-ში ყოფნით ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას უფრო კარგად შევძლებთ, რადგან რუსეთის მიმართ შესაბამისი ბერკეტები გვექნება. როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს დიპლომატიური ომია და საქართველომაც დიპლომატიურად უნდა იბრძოლოს.

"ძალისხმევა უფრო უნდა გავაძლიეროთ და აქტიურები უნდა ვიყოთ. კარგი იყო ის, რაც გავაკეთეთ, რომ ჩვენ ვიყავით იმ დელეგაციებს შორის, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა ხმა. კარგია, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებმა ერთნაირი პოზიცია დააფიქსირეს. დიპლომატიური ნაბიჯები და მანევრები და არანაირად რადიკალური აზრები და რადიკალური ნაბიჯები", — ამბობს გია ჯაფარიძე.