1 ივლისიდან 30 ივლისამდე, გარიყულაში, რიგით მე-11 თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის, ფესტინოვას ფარგლებში პროექტი ხშირად დასმული კითხვები იწყება. ფესტინოვა აფართოებს არეალს და ლიტერატურას, სიტყვებს უთმობს სივრცეს.

ხშირად დასმული კითხვები სიტყვების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინას.

ხშირად დასმული კითხვების მიზანი სააზროვნო სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შერჩეულ თემაზე ახალ კითხვებს დასვამენ.

წლევანდელი თემა არის დრო: 1989-2019 წელი.

ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ამბები და მოვლენები რომელმაც დღევანდელი დღე განაპირობა, თუმცა გაუაზრებელი დარჩა და დაიკარგა.

ხშირად დასმული კითხვები დროის აღწერა და ახალი მნიშვნელობების ძიებაა.

სიტყვების პლატფორმა რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

რეზიდენცია არტ ვილა გარიყულაში შეხვედრებისა და საუბრების სერია, გამოფენა და რეზიდენციის განმავლობაში შექმნილი ტექსტების პუბლიკაცია.

რეზიდენციის თითოეული მონაწილე ირჩევს წელს და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიტყვებით მოგვითხრობს შერჩეულ დროზე.

ხშირად დასმული კითხვების მთავარი იარაღი სიტყვაა. სწორედ, სიტყვის საშუალებით ეცდებიან მონაწილეები გაიხსენონ და აღწერონ დავიწყებული ისტორია, გასული დრო.

დროის უკან გადახვევა, დავიწყებული ამბების გახსენება და ახალი ისტორიის სუბიექტურად თხრობა ღიად დარჩენილი კითხვების პასუხი შეიძლება გახდეს.

ხშირად დასმული კითხვების მხარდამჭერია აჭარა გრუფი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.

მონაწილეები არიან: ირაკლი ხვადაგიანი, მიხეილ ნერგაძე, გაბრიელა ლანგჰოფი ირმა ტაველიძე, ერეკლე დეისაძე, გურამ წიბახაშვილი, თამთა მელაშვილი, დათო გაბუნია, ზაზა კოშკაძე, პაატა შამუგია, ალექს ჩიღვინაძე, გიორგი ხასაია და სხვები.