დღეიდან, პირველი ივლისიდან მეტრო მუშაობას ერთი საათით ამცირებს და მგზავრობა დილის ექვსიდან ღამის თერთმეტ საათამდე იქნება შესაძლებელი. ამის მიზეზი მეტროში ელექტროგაყვანილობის მოწესრიგების მიზნით სარემონტო სამუშაოების დაწყებაა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

"აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება ძალოვანი კაბელების გაყვანასა და მათ რეაბილიტაციას. ახალი, ISO სტანდარტის კაბელებით 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი. დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორი. სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება და 2020 წლის ივლისში დამთავრდება", — განაცხადა კახა კალაძემ.