ქართული ოცნება საკონსტიტუციო ინიციატივის — პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გამართავს. ოცნების დეპუტატი, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ უმრავლესობა ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის და მათ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ოპოზიციის ხმები დასჭირდებათ.

"ინდივიდებს, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და, რომლებიც სახელმწიფოს დამხობისკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან ჩვენ პოლიტიკურ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს ეხება კონკრეტულ სახელსა და გვარებს და არა პარტიებს. ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, თუ მათ ექნებათ სურვილი შეხვედრაზე მოსვლის, დიალოგის, მათ ამის პრობლემა არ ექნებათ.. რომც დაუჭიროს უმრავლესობის ყველა წევრმა, უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ქართული ოცნება მარტო საკონსტიტუციო ცლილებას ვერ გაიტანს და ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები", — განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყოს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კანონპროექტის შემუშავების პროცესში.

24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერით დააანონსა. ახალი წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში პარტიებისთვის ერთი მანდატის მისაღებად, შესაძლოა, დაახლოებით 0,67%-იანი ბარიერის გადალახვა იყოს საჭირო.

გაიგე მეტი: