სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის თქმით, ენგურის ხიდთან, გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები, დამატებით სირთულეებს ქმნის კონფლიქტით დაზარალებულებისთვის. იგი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეებს ზუგდიდში აღარ ატარებენ.

"შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა თავიდან იყოს აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი. ეს იქნება მნიშვნელოვანი თემა მომდევნო კვირაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისას", — წერს კლაარი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვაზე გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს მიმართვაც გაუგზავნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მიზეზად რუსი დეპუტატის, გავრილოვისადმი საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის სიტყვები დასახელდა.

აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბა ტამაშობს "პრეზიდენტობანას" და "სახელმწიფოებრიობანას".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მისთის, ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან.

"მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში", — განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

განათლების სამინისტრო თავის მხრივ აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული:

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება".