საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.