2 ივლისს, BBC World Service საქართველოს დედაქალაქ თბილისს ეწვევა და განახლებული რადიო პროგრამისთვის, The Arts Hour On Tour, გადაცემას ჩაწერს.

მსურველებს შეეძლებათ უფასო ბილეთები მიიღონ და ჩაწერის ღონისძიებას დაესწრონ. ამისთვის მათ თავისუფალ თეატრს უნდა მიმართონ.

სცენაზე წამყვან ნიკი ბიდს მწერლები, მუსიკოსები და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები შეუერთდებიან. ნიკის სტუმრებს შორის იქნებიან მწერალი დავით გაბუნია და მულტიმედია არტისტი მარიამ ნატროშვილი.

ღონისძიებაზე შედგება საუბრები, იქნება ცოცხალი კომედიური სთენდაფები და მუსიკალური შესრულება. დამსწრეები Moku Moku-სა და Kayakata-ს მოუსმენენ.

პროგრამა BBC World Service-ზე შაბათს, 27 ივლისს გავა და სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზეც.

The Arts Hour on Tour ყოველთვიური შოუა, რომელიც მსოფლიოს მდიდარი კულტურის მქონე ქალაქების ისტორიას აცნობს.