იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირის გადადგომა არ იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის გადადგომა იმ ძალებს სურთ, რომლებმაც პროტესტი გამოიყენეს.

""დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია [ცეცხლი]... ნებისმიერ ჩემს სიტყვას ვზომავ, რადგან მიკავია ეს თანამდებობა და არ მომივიდეს ისე, რომ ნავთი დავასხა ამ ცეცხლზე... ზოგიერთისთვის ეს სულერთია, ჩემთვის — არ არის. შესაბამისად, ვამბობ ძალიან რბილად, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე [არ უნდა ყოფილიყო] იქ, სადაც იყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში რიგით მეორე პირმა. სჯობდა უფრო ადრე, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგი მეორე პირი", — თქვა თეა წულუკიანმა.

ბრიფინგზე მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას პარლამენტი მართავს და არა გიორგი გახარია.

20 ივნისის აქცია

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.