რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს. პროტესტის შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა. 20 ივნისის საღამოს დაწყებული დემონსტრაცია კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

დემონსტრაციის დაშლის მიუხედავად, დღეის, 28 ივნისის მდგომარეობით, საპროტესტო აქცია #სირცხვილია უკვე მეცხრე დღეს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მოახერხეს და მათი 3 მთავარი მოთხოვნიდან ხელისუფლებას 2 (პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება 2020 წელს და აქციის დაშლის ღამეს დაკავებული ყველა დემონსტრანტის განთავისუფლება) უკვე დაათმობინეს. ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და მათი თქმით, ამ მოთხოვნის შესრულებისთანავე დაშლას აპირებენ.

ხშირად კითხულობენ, ვინ არიან საპროტესტო აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც მეცხრე დღეა თბილისის მთავარ გამზირს ავსებენ და რომელთა წინააღმდეგაც ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად განწყობილი და ანტილიბერალური გვერდები აქტიურობენ? ჩვენ გადავწყვიტეთ, ისინი სათითაოდ გაგაცნოთ.

შოთა დიღმელაშვილი

შოთა დიღმელაშვილი 33 წლისაა. არის მმართველობის მონიტორინგის ცენტრის პროექტის, ფლანგვის დეტექტორის ხელმძღვანელი და Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი. ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და ბიზნესის ბიბლიოთეკას.

გიორგი ნონიაშვილი

გიორგი ნონიაშვილი განათლებით იურისტია. მისი სამუშაო სფეროები და გამოცდილება მოიცავს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართლის საკითხებს. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი და პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი კავკასიის კვლევების მიმართულებით. ამჟამად ეწევა აკადემიურ და კვლევით საქმიანობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სალომე ბარკერი

სალომე ბარკერი სოციალური მედიის მენეჯერი და სამოქალაქო აქტივისტია. უკვე მრავალი წელია, მართავს ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის, ჩემი ცოლის დაქალების გვერდს. არის სოციალური მედიის განყოფილების ხელმძღვანელი Vendoo-ში. არის Facebook ჯგუფის, თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი შემქმნელი.

ფოტო: გურამ მურადოვი

გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი ჟურნალისტი, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტია. მან საზოგადოებას თავი 13-დღიანი მსვლელობით დაამახსოვრა, როცა თბილისიდან ენგურის ხიდთან სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ჩავიდა.

ზაზა აბაშიძე

ზაზა აბაშიძე ჟურნალისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ფლანგვის დეტექტორის დამფუძნებელია.

ჯაბა ზარქუა

ჯაბა ზარქუა დაიბადა 1988 წელს. არის ექიმი, მწერალი და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამეცნიერო საბჭოს წევრი. ამჟამად მუშაობს კლინიკა მრჩეველში.

მარიამ ბაჯელიძე

მარიამს დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა. 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა მედიისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. არის კომპანია Socialsharks-ის დირექტორი. არის Facebook ჯგუფის, თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი შემქმნელი.

თათუშა არველაძე

თათუშა არველაძე 20 წლისაა. სწავლობს მადრიდში IE უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას თანადამფუძნებელი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთში. ასევე ის არის EduSpace-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო ორიენტაციაში და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებაში კოორდინირებულად ეხმარებიან.