ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ნიკა მელიას თავდებად 27 დეპუტატი უდგება. შესაბამისი სია მელიას ადვოკატმა სასამართლოში შუამდგომლობასთან ერთად წარადგინა.

როგორც პარტიაში On.ge-ს განუცხადეს, მელიას თავდებად უდგებიან ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ყველა დეპუტატი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი.

პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებას 20 ივნისის ღამეს მომხდარი ინციდენტის ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, აპირებს. ამ დღეს რუსი დეპუტატი პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა, რაც რამდენიმე ათასმა ადამიანმა რუსთაველის გამზირზე გააპროტესტა. ამავე დღეს, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო და დააზიანა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაგანაც ორმა სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა.