ქართული ოცნების დეპუტატი, რომან კაკულია აცხადებს, რომ თუ ნიკა მელიას საქმეზე მისი გადაწყვეტილება უმრავლესობიდან წასვლის საფუძველი გახდება, პრობლემას არავის შეუქმნის. მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ნიკა მელიას პატიმრობისნებართვას და თქვა, რომ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოისმინა.

"მე მგონი, როგორც ერთ დეპუტატს, მაქვს იმის უფლება, რომ ჩემებურად გადავწყვიტო, ჩემთვის დასაბუთებული არის თუ არა. ამ შემთხვევაში მე მათ გადაწყვეტილებას კი არ ვეწინააღმდეგები, თავად პროცესების შეფასებასთან მიმართებაში. მე არ მომეწონა თვითონ პარლამენტარისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების ის პროცედურა რომელიც, ჩემი აზრით, დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა შეიცავდეს. მე მაქვს მე მგონი უფლება ასეთი პოზიცია მქონდეს. ახლა თუ ვინმესთვის ეს პრობლემაა, მე პრობლემას არავის არ შევუქმნი", — განაცხადა კაკულიამ.

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის სხდომა უნდა შეიკრიბოს და იმჯელონ, რატომ დააფიქსირა გუნდისგან განსხვავებული პოზიცია "პრინციპულ საკითხებზე" ქართული ოცნების ორმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა და რომან კაკულიამ.