ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განხილვას დაესწრება. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. სხდომა დღეს, 27 ივნისს 14 საათზ გაიმართება.

საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიას დაპატიმრების უფლების მოსაპოვებლად საქართველოს პროკურატურამ 25 ივნისს მიმართა, მეორე დღეს კი დეპუტატს იმუნიტეტი შეუჩერეს. ამ დადგენილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. მარიამ ჯაშმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ ხმის მიცემის დროს თავი შეიკავეს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

მათივე ცნობით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.