ლარის გაუფასურების ახალ რეკორდთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედ მცურავ გაცვლით კურსზე გავლენა იქონია ინფორმაციამ რუსეთიდან რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ. მათი თქმით, პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.

"საგარეო შოკის დროს გაცვლით კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს. გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან/და იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკასა და, შედეგად, დასაქმებაზე და შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო", — აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათი თქმით, ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება. მათივე თქმით, საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ I კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. მაგალითად მათ 2014-15 წლები მოჰყავთ, როცა ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,8470 ლარს გაუტოლდა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.