საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიიდან მარიამ ჯაშისა და რომან კაკულიას გარიცხვაზე ამბობს, რომ მათ ნაციონალური მოძრაობის მიდგომები არ აქვთ.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველა დეპუტატი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია და მათი გარიცხვის საკითხი არ განუხილავთ.

"დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს ნაციონალური მოძრაობა, დღესვე დღის წესრიგში იქნებოდა მათი გარიცხვა, მაგრამ ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს. ყველა ადამიანი, მით უმეტეს დეპუტატი ამ შემთხვევაში, რომელიც სარგებლობს თავისუფალი მანდატით, არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში. ეს წარმოუდგენელია რიგი პოლიტიკური ძალებისთვის, თუმცა ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვაქვს და გარიცხვაზე და სხვა საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია", — თქვა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიას დაპატიმრების უფლების მოსაპოვებლად საქართველოს პროკურატურამ 25 ივნისს მიმართა, მეორე დღეს კი დეპუტატს იმუნიტეტი შეუჩერეს. ამ დადგენილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. მარიამ ჯაშმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატმა რომან კაკულიამ ხმის მიცემის დროს თავი შეიკავეს.