საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერა პრინციპული საკითხი იყო და გუნდში ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

თანაპარტიელებზე, მარიამ ჯაშსა და რომან კაკულიაზე საუბრისას, რომლებმაც იმუნიტეტის შეჩერების პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს, ქანთარია ამბობს:

"ეს მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან არ დაეჭირათ. მგონი ეს პრინციპული საკითხი იყო, უნდა ყოფილიყო ერთსულოვნება. უნდა იყო მდინარის იქით ან მდინარის აქეთ. ამაში იყო წინასწარ შეთანხმება, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ჩვენ ან ერთად ვუჭერდით მხარს, ან არ ვუჭერდით. ეს არის ბუნებრივი, ასეთ დროს დაქსაქსვა ჩემთვის მიუღებელია".

საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიას დაპატიმრების უფლების მოსაპოვებლად საქართველოს პროკურატურამ 25 ივნისს მიმართა, მეორე დღეს კი დეპუტატს იმუნიტეტი შეუჩერეს. ამ დადგენილებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.