ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთის დაბრუნების გამო საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად ზაფხულის სესია დროზე ადრე დატოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დელეგაციებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც PACE-ში რაიმე სანქციების გარეშე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენას მხარი დაუჭირეს. განცხადების ტექსტი უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, ელენა სოტნიკმა წაიკითხა:

"რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მიერ ასამბლეის მოთხოვნების შესრულების გარეშე რუსეთის დელეგაციის აღდგენა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და წესდება. ეს ნაბიჯი ძალიან არასწორ ნიშანს აძლევს ქვეყანას, რომელმაც მიმართა შეიარაღებულ აგრესიას, მოწამლა ხალხი, უგელებელყო თავისი მოქალაქეების უფლებები".

სოტნიკმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მომავალი საფრთხის ქვეშაა, რადგან ის კარგავს ნდობას იმ ხალხისას, რომელთა დაცვაზეც უნდა იზრუნოს. მისივე თქმით, დელეგაციები სახლში ბრუნდებიან, რათა გაიარონ კონსულტაციები თუ რას მოიმოქმედებენ ასამბლეის მომავალი სესიებისთვის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 26 ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენას ეხებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 116 დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 62, ხოლო 15-მა თავი შეიკავა.

ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.

ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეეძლოთ PACE-ში მომხსენებლობა, სხვა ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარდგენა. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებოდათთ.

25 ივნისს კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციას PACE-ს რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა, რომ ქვეყნები, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილი არ არიან, ასამბლეის ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის განაცხადი ახლა შეიტანონ.