ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მაკროენომიკა ჯანსაღია და არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ლარს გრძელვადიან საფრთხე ემუქრება.

"ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე ინვესტიციებზე, მათ შორის ლარის კურსზე. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს", — განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 27 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,8470 ლარს გაუტოლდა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც და ერთი ევროს ღირებულება 3,2356 ლარს გაუტოლდა.

აქამდე ლარის კურსის ანტირეკორდი 25 ივნისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსმა 2,8333 ლარი შეადგინა.