"ყველანი გამოდით", — ამ სიტყვებით მიმართა აქცია #სირცხვილიას წამყვანმა, შოთა დიღმელაშვილმა საზოგადოებას და მოუწოდა თავისუფლების მარშს შეუერთდნენ. მისი თქმით, აქციების მე-10 დღეს, შაბათს, 29 ივნისს გაიმართება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე და ეს იქნება თავისუფლების მარში.

აქცია #სირცხვილია უკვე მე-7 დღეა გრძელდება. აქცია 3 მოთხოვნით დაიწყო და მათგან ერთი — პროპორციული არჩევნები უკვე დაკმაყოფილდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დაკმაყოფილდა მეორე მოთხოვნაც, რომელიც 20 ივნისის აქციაზე ყველა დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 3 პირი. მესამე მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.