კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს ფარგლებში არამხოლოდ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა, არამედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის სახეში სილის გაწნაც შეგიძლიათ.

- როგორ?

დეველოპერულმა კომპანია ლემონდუმ შექმნა ვებ-გვერდი, სადაც ვლადიმერ პუტინი მორჩილად მოგიშვერთ სახეს, სანამ თქვენ გულმოდგინეთ ულაწუნებთ. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ვებ-გვერდი გიჩვენებს, რომელი ქვეყანა უფრო მონდომებით ულაწუნებს პუტინს. ეს კი მოტივაციას ზრდის, რომ პირველობა არავის დავუთმოთ.

ვებ-გვერდის სახელწოდებაა Summerin.ge, რაც #SpendYourSummerInGeorgia-ს მოკლე ვარიანტია. საიტის დახასიათებაში წერია, რომ საქართველო მთელი მსოფლიოდან ელის ტურისტებს და ქვეყნის 80%-ის ნახვას სთავაზობს, სადაც ყველა მზად არის ისინი მიიღოს.

"დანარჩენი 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ არ შეგვიძლია თქვენი იქ მიღება, ჯერ", — წერია ვებ-გვერდზე.

#IamWithGeorgia, #WeAreWithUkraine, #მეცდავლევბორჯომს, #აფხაზეთისაქართველოა, #ოსეთისაქართველოა — ვებ-გვერდზე პერმანენტულად ჩნდება ეს და სხვა ჰეშთეგები. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ხანი ულაწუნებთ პუტინს, მით უფრო მეტ საპროტესტო სლოგანს უერთდებით.

ფოტო: ფოტო ეკრანიდან / Summerin.ge

#SpendYourSummerInGeorgia ახალგაზრდების მიერ დაწყებული კამპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოს მხარდაჭერაა რუსეთის ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ. ამ ჰეშთეგით მსოფლიოს მოქალაქეებს მოუწოდებენ ჩამოვიდნენ და დაისვენონ საქართველოში და არ დატოვონ ქვეყანა მარტო რუსეთის ეკონომიკურ სანქციებთან.