ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლას პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრები 3 დეპუტატთან, ანრი ოხანაშვილთან, დავით მათიკაშვილთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გეგმავდნენ. ის მოითხოვს, პროკურატურამ სამივე მათგანი დაკითხოს და გაარკიოს რა როლი მიუძღვით აქციის დაშლის საქმეში.

"ისინი ერთად იყვნენ პარლამენტის მეოთხე სართულზე 30 კაციანი დაცვით და დეპუტატები. აი, ამ დაცვამ არ მიგვიშვა მათთან სასაუბროდ. მათი პარლამენტში მოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაიწყო დარბევა, იქ დაიგეგმა ყველაფერი", — განაცხადა გოცირიძემ და დაამატა, რომ მმართველი პარტიის ეს 3 დეპუტატი უშუალოდ არიან მონაწილე აქციის დაშლის საქმეში. მისი თქმით, ეს პირები უზღუდავდნენ გადაადგილებისა და სადეპუტატო საქმიანობის შესრულების საშუალებასასაც. მისივე თქმით, არსებობს ამის დამადასტურებელი კადრებიც.

ამ კომენტარს წინ უძღოდა სხდომათა დარბაზში რომან გოცირიძის დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილთან. ჟურნალისტების კითხვაზე არის თუ არა ზარდიაშვილი თანამონაწილე გოცირიძე პასუხობს: "ზარდიაშვილი არის ლეკვი, რომელიც ამათ გამოესარჩლა".

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რომან გოცირიძემ ამ სამ დეპუტატზე დაიწყო საუბარი.

"გეკითხებით ბატონო ანრი, სამივე რომ წამოსკუპებული ხართ, თქვენ, ყაველაშვილი და მათიკაშვილი რა გინდოდათ პარლამენტში, რას დარბოდით", — ამბობდა გოცირიძე, თუმცა ოხანაშვილმა მას უპატივცემულობის მოტივით მიკროფონი გაუთიშა და აზრი არ დაამთავრებინა.

კამათი გათიშული მიკროფონების ფონზე გაგრძელდა. კადრებში ჩანს, რომ რომან გოცირიძესა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, მაგრამ უცნობია რა მიზეზით. ოხანაშვილმა მოუწოდა მანდატურებს გაეცილებინათ რომან გოცირიძე და მან სხდომათა დარბაზი დატოვა.