"ქალი ხარ და არაფერს გეუბნები", — ამ სექსისტური შინაარსის ტექსტით მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა ბოკუჩავას.

საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომიტეტებმა დღეს დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართვა განიხილა. სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ ყაველაშვილი ოპონენტს ოთო კახიძეს გამოეპასუხა, რასაც შემდგომში თინა ბოკუჩავასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე მხარი დაუჭირეს საქართველოს პროკურატურის მიმართვას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. საპროცედურო კომიტეტის 6 დეპუტატი მომხრე იყო, წინააღმდეგი კი — 1, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 9 მომხრე და 3 წინააღმდეგი იყო.

პროცედურის მიხედვით, საკითხი კომიტეტების დასკვნებით ბიუროს წარედგინება და შემდგომ, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას მანდატის შეჩერებასა და პატიმრობის ნებართვას დამსწრეთა ხმების უმრავლესობა სჭირდება, თუმცა ეს ხმები პარლამენტის დეპუტატების საერთო ოდენობის 1/3-ს უნდა აღემატებოდეს.