პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელია 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე, მიტინზე მყოფ პირებს მოუწოდებდა ნებისმიერი გზით, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით შეეღწიათ პარლამენტში. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის თქმით, საქმეში მოიპოვება ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები. ამის შესახებ მან დღეს, 26 ივნისს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების კითხვების პასუხად თქვა.

ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი პროკურორს მტკიცებულბების წარდგენისკენ მოუწოდებდნენ. სამადაშვილი ითხოვს, დაასახელოს პროკურორმა თ ვინ არიან მათი მოწმეები და რა ბიოგრაფია აქვთ მათ. პროკურორის თქმით, დღეს, 15 საათზეა დაბარებული ნიკა მელია უფლებადამცველი სადაც მას წარუდგენენ მტკიცებულებებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ პროკურატურის ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას გეგმავდა. მისივე თქმით, მათი მოთხოვნა პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო.

"ათწუთიანი ვადა მივეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეული ისე, როგორც ამაყ ერს ეკადრება შევალთ პარლამენტის ეზოში და დაველოდებით კობახიძის გადადგომას და როცა კობახიძე გადადგება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ნებისმიერი ამაყი ერის მოქალაქეების იგივენაირად მოიქცეოდნენ", — განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

20 ივნისის აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებასთან დაკავშირებით გუშინ, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.