მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შემსრულებელზე მეტად ბრძანების გამცემია დამნაშავე, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას შეიარაღებული სპეცრაზმი დაუპირისპირა.

"რაც ჩაიდინეს და ისინი რომ შეიყვანეს და რომ ჩამოიყვანეს ეს გავრილოვი, ვიცი, რაც არის, ეს არის პირველი ნაბიჯი, იქ რაღაც სერიოზული გეგმა აქვთ მაგათ. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილი ავანტიურა იყო რუსეთის მიერ, აქედან მხარდაჭერილი, ასე მგონია მე, იმიტომ, რომ ისე არ მოხდებოდა მათი შემოყვანა", — განუცხადა რუსთავი 2-ს კიკაბიძემ.

ის ფიქრობს, რომ რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოყვანა და სპიკერის სავარძელში ჩასმა ივანიშვილთან გადაწყდა.

"უმაგისოდ იქ ასანთის ყუთს არ გადადებენ, ყველამ ვიცით. იმ ჩვენს პარლამენტში არავინ არ არის იმის გადამწყვეტი, ეგენი უნდა ჩამოვიდნენ, არ ჩამოვიდნენ, სად უნდა დაჯდნენ, მე ისევ ვიძახი, რომ თევზი ფუჭდება თავიდან და ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ და უბრალოდ ეტყობა, ჩვენ ვგონივართ მთავრობას ლენჩები, იმიტომ, რომ სულ ჩუმად ვართ", — განაცხადა კიკაბიძემ.

ის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასაც გამოეხმაურა.

"რობიკო მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა, რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, მაგანაც თქვა ეს. ეტყობა, იცი, რა არის, დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა", — ამბობს კიკაბიძე.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მოსკოვის თეატრის Et Cetera-ს მთავარი რეჟისორი, რობერტ სტურუა თბილისის მოვლენებს ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა:

"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!"

რობერტ სტურუა ქართული თანამედროვე თეატრისა და კინოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია. მას დადგმული აქვს ისეთი ცნობილი და აღიარებული სპექტაკლები, როგორიცაა "კავკასიური ცარცის წრე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "მეფე ლირი", "ყვარყვარე", "რიჩარდ III" და ა.შ.

სხვადასხვა წლებში მას მიღებული აქვს რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები, საქართველოს ღირსების ორდენი, ჩაპლინ-კლუბის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვადასხვა საერთაშორისო პრემიები.