მუსიკალური ფესტივალი Mountain Set კუს ტბაზე, სფეის ჰოლის ტერიტორიაზე ჩატარდება.ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 24 ივნისს ყაზბეგში ადგილობრივებმა საფესტივალო ტერიტორია დაარბიეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

"რა თქმა უნდა, ცოტა ირონიულია, რომ Mountain Set ჩატარდება არა მთებში, არამედ თბილისში, მაგრამ შექმნილი ვითარება სხვა რაღაცის საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნახეთ მოსახლეობის რეაქცია სრულიად არაჯანსაღი, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით სავსე. ჩვენი სტუმრების და ჩვენი სურვილით ყველანაირ ხერხს მივმართეთ, რომ ფესტივალი არ ჩაშლილიყო", — აღნიშნა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანანო ბაიდაურმა.

ფესტივალის ორგანიზატორები მომხმარებლებს, რომლებსაც კარვების ზონისა და ავტობუსის ბილეთები აქვთ ნაყიდი, თანხას აუნაზღაურებენ. ასევე, სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ Mountain Set-ის ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობასა და ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს. 177-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 187-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს, ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

ამავე თემაზე: