20 ივნისის აქციაზე განვითარებული მოვლენების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავების ნებართვის მისაღებად პარლამენტს მიმართა. მელიას, როგორც დეპუტატს, იმუნიტეტი იცავს, ამიტომ მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

რეგლამენტში გაწერილი პროცედურებით, საკითხს ხუთი დღის ვადაში შეისწავლიან და განიხილავენ საპროცედურო საკითხთა, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ისინი წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი იგი განსახილველად პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გამოიცემა დადგენილება.

რეგლამენტით, პარლამენტის წევრის დასაკავებლად სესიაზე დამსწრეთა არანაკლებ 50 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. პარლამენტარების თანხმობის შემთხვევაში, დეპუტატს შეუჩერდება უფლებამოსილება თავისუფლების აღკვეთის პერიოდით. მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას პარლამენტში 100-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს, ამიტომ, მხოლოდ მათი მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რომ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუჩერდეს.

კანონით, თუკი სისხლის სამართლის საქმე შეწყდება ან გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს სასამართლო, პარლამენტის წევრს დაპატიმრების ვადა უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექვსი დეპუტატით არის პარლამენტში წარმოდგენილი, მათ შორის, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.